ცაცხვი (Tilia caucasica) (Flores Tilae) 

ცაცხვი (Tilia caucasica) (Flores Tilae) ფოთოლმცვენი 35 მეტრამდე სიმაღლის ხეა. ხის ვარჯი დიამეტრით აღწევს 2 მეტრს, თხელი, მსკდომარე ქერქით. ფოთლები მორიგეობითია, გრძელყუნწიანი, დაკბილული, ზედა მხრიდან მწვანე, შიშველი, ქვედა მხრიდან-ნაცარა, ხშირად შებუსული, ყვავილები მოყვითალო-თეთრია, არომატული, შეკრებილია 3-15 ფარისებრ ნახევარქოლგა ყვავილედში.

გავრცელებულია ყველგან, წიწვოვანი ტყეების ზონამდე.

•ქიმიური შემადგენლობა    

რედაქტირება

ეთერზეთები, გლიკოზიდები, მთრიმლავი ნივთიერებები და ლორწო. არომატის მატარებლად ითვლება ფარნეზოლის სპირტი. გარდა ამისა ცაცხვის შემადგენლობაში შედის კაროტინი და C-ვიტამინი.

„ცაცხვის ყვავილი შეიცავს: პოლისაქარიდებს (10%), მონო და დისაქარიდებს; ეთეროვან ზეთს 0.5%, მასში ძირითადია ფარნეზოლი; ფლავონოიდებს: ტილიროზიდს, აფცელინს, აკაცეტინს, კემპფეროლს, ჰესპერიდინს, ქვერცეტინს, კემპფერიტრინს; ტრიტერპენოიდებს, ფენოლკარბონის მჟავებს, ვიტამინ C; პროანთოციანიდინებს “

გამოყენება მედიცინაში

ცაცხვი ოფიცინალურია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. გამონაცემი და მონახარში გამოიყენება ოფლდამდენად-გაციებისას, ბაქტერიოციდული მიზნით – პირში გამოსავლებად.

შედის მრავალ მცენარეულ ნაკრებში. ჰომეოპათია ცაცხვის ყვავილების ნაყენს იყენებს მეტეორიზმის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობისას. იყენებენ  ხმარობენ დასამშვიდელად, სიცხის დამწევად, კატარის, პნევმონიის, ბრონქიტის დროს. შედის სასმელი „მცენარეული“ ჩაის შემადგენლობაში

კრაზანა (ლათ. Hypericum perforatum, რუს. Зверобой)

კრაზანა (ლათ. Hypericum perforatum, რუს. Зверобой)მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. წვრილი დატოტვილი ფესურიდან ყოველწლიურად ვითარდება რამდენიმე გლუვი, ორწახნაგოვანი, დატოტვილი ღერო, რომლის სიმაღლე აღწევს 30-60 სმ-ს.

ფოთლები მოპირისპირეა, მჯდომარე, მოგრძო, ბლაგვი, მთლიანკიდიანი, გლუვი, დაწინწკლული, ყვავილები თავისუფალფურცლიანია, სწორი, ხუთფოთლიანი ჯამით და ხუთფურცლიანი გვირგვინით;

ფურცლები კაშკაშა ყვითელია, მოგრძოოვალური, ზედა მხარეს ირიბად წაკვეთილი, შავი რუხი წერტილებით ქვედა მხარეს. მტვრიანა 50-60, რომლებიც ძირში ერთმანეთთან სამ კონად არიან შეზრდილი. ბუტკო სამბუდიანია, ზედა ნასკვით და სამი გადახრილი სვეტით, ყვავილედი – ფარისებრი საგველა.

ნაყოფი სამბუდიანი მრავალთესლიანი კოლოფია, რომელიც სამი საგდულით იღება. თესლი ძალიან პატარაა, მოგრძო, რუხი ფერის. ყვავილობს ივნისიდან – აგვისტომდე.

«როგორც ფქვილის გარეშე არ შეიძლება პურის გამოცხობა, ასევე კრაზანას გარეშე არ შეიძლება მრავალი ავადმყოფობის მკურნალობა» – ამბობდნენ ძველად მკურნალები.

კრაზანა შეიცავს ფლავონოიდებს, (გიპეროზიდი, კვერცეტინი, იზოკვერცეტინი, რუტინი და სხვა), 5-6% ანტოციანებს, 10-12% სათრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს 0,2-0,3%, ეთერზეთებს, ასკორბინის მჟავას.P ვიტამინს, 17% ფისისებრ ნივთიერებებს, საპონინებს, ნიკოტინის მჟავას, ალკალოიდების კვალს და სხვა.

კრაზანას ნაყენს იყენებენ როგორც გამოსავლებ საშუალებას გინგივიტების და სტომატიტების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით, ხოლო საფენების სახით ჭრილობების მოსაშუშებლად. აგრეთვე პირის ღრუში ცუდი სუნის შემთხვევაში.

კრაზანს ხმარობენ ნაღვლსადენი გზებისა და ნაღვლის ბუშტის დისკინეზიის, ჰეპატიტების, ქოლეცისტიტების, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადების საწყისი სტადიის, გასტრიტების, მეტეორიზმის, თირკმლის დაავადების, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის, ქალური დაავადების, ჩირქის, წყლულების, კანზე გამონაყარის და სხვა დაავადებების დროს. მწვანე მცენარეს ხელში სრესენ და იდებენ გარედან დაჟეჟილობის დროს და სისხლის დენის შესაჩერებლად.

კრაზანას სამკურნალო მიზნით ძირითადად ნაკრების სახით იყენებენ. 

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense)

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია: გენერაციული და ვეგეტაციური.

გენერაციული ღეროები ადრე გაზაფხულზე ამოდის,  იგი სპორების მატარებელია და მათი შემოსვლის შემდეგ ჭკნება. ფერით რუხი-მოყავისფროა, დაუტოტავი, სიმაღლით 7-25 სმ. სპორები სფეროსებრია, მომწვანო, ოთხი დაგრეხილი დანამატით, შემოდის აპრილ-მაისში.

ვეგეტაციური ღერო გვიან ამოდის, იგი მიწის ზედაპირიდანვე რგოლებადაა დატოტვილი, სიმაღლით 50-60 სმ-ია. თითოეულ რგოლში 6-15 ცალი რკალისებრი მწვანე ფერის ზეაღმართული ღეროა.

თითქმის მთელს საქართველოშია გავრცელებული. ძნელად ამოსაძირკვი სარეველაა.

შეიცავს მჟაუნის, ვაშლის,  სილიციუმის მჟავებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს, ექვიზეტრინის საპონინებს, კაროტინს, ფლავონოიდებს, ასკორბინის მჟავას, სიტოსტერინს, ალკალოიდებს.

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც შარდმდენი საშუალება გულის მანკის, გულის ქრონიკული უკმარისობის, შეშუპების, შარდსადენი გზების დაავადებების (პიელიტი, ცისტიტი, ურეთრიტი) სამკურნალოდ.

შვიტას ნაყენები და ნახარშები გამოიყენება საშარდე გზების კენჭოვანი დაავადებების, ბუასილისა და საშვილოსნოდან სისხლისდენის, ტყვიით მწვავე და ქრონიკული მოწამვლის დროს.

შვიტას ნახარშს აქვს მადეზინციფიცირებელი თვისება, ამიტომ მის საფენებს იყენებენ ძნელად შესახორცებელი წყლულებისა და ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ. შვიტა გამოიყენება კომპლექსურად სხვა  სამკურნალო ბალახებთან ერთად.

შვიტას ნახარშს და ნაყენს იყენებენ არამარტო როგორც შარდმდენ, არამედ როგორც სისხლის აღმდგენ საშუალებას, თირკმლის და ნაღვლის კენჭოვანი დაავადების, ჰიპერტონიის და ათეროსკლეროზის დროს. შვიტას ნაყენი გამოიყენება პირის ღრუში გამოსავლებად სტომატიტისა და ტონზილიტის დროს.

მედიცინაში შვიტას ვეგეტატიური ღერო და ფოთლები გამოიყენება. შვიტას პრეპარატები არასაკმაო სისხლმიმოქცევით გამოწვეული შეშუპების დროს შარდმდენ საშუალებად იხმარება, აგრეთვე — საშარდე ბუშტისა და შარდსადინარების ანთებითი პროცესების და პლევრიტის სამკურნალოდ.

ასევე, შვიტას წვენი და ნაყენი მიჩნეულია, როგორც დიურეტული საშუალება. წვენს უნიშნავენ ავადმყოფებს, რომელთაც გულის უკმარისობის ნიადაგზე გამოწვეული შეშუპება ჰქონდათ, 15 მლ დღეში სამჯერ, რის შედეგადაც დიურეზის მომატება აღინიშნება.

შვიტას ნაყენის დიდი დოზით მიღება იწვევს თირკმლების გაღიზიანებას, ამიტომ მისი გამოყენება ყოველთვის უსაფრთხო არაა.

სამკურნალო

ავტორები:  ს. ჩაგელიშვილი, მ. გოგორიშვილი

*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

ფარსმანდუკი (Achillea millefolium)

ფარსმანდუკი (Achillea millefolium) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მხოხავი ფესურით, რომლიდანაც ვითარდება რამდენიმე მსხვილი ლანცეტისებრი ფრთისებრ განკვეთილი ფოთოლი.

ღერო დაუტოტველია, სიმაღლით 20-40 სმ, მცირეფოთლიანი შებუსული, მონაცრისფრო-მომწვანო, კეწრულ ნაწილში თავდება მსხვილი რთული ყვავილედით – ფარით.

ფარის წვრილ ტოტებზე სხედან პატარა ყვავილედები – კალათები. კალათები მოგრძო-კვერცხისებრია, სიგრძით 3-4 მმ, 5-7 კიდური თეთრი ენისებრი ყვავილით და კალათის შუაში მოთავსებული რამდენიმე მილისებრი, ასევე თეთრი, ყვავილით, გარედან კალათას აქვს კრამიტისებურად განლაგებული საფარველი, რომელიც შედგება წაგრძელებული, მომწვანო, კიდეებში სიფრიფანა ფოთლებისაგან.

მთელი მცენარე სურნელოვანია. ყვავის ივნისიდან ოქტომბრამდე.

ფარსმანდუკი ფართოდ არის გავრცელებული მთელ საქართველოში. ქართლ-კახეთსა და ფშავი მას მელაკუდასა და მელისკუდას ეძახიან, ხევსურეთში – ციცისკუდას, მთიულეთში – მელაგუნდას, თუშეთში – წყლულის ბალახს, რაჭასა და იმერეთში – კრავისკუდას. იგი ხარობს მდელოებში, მინდვრებში, დასახლებული ადგილების მახლობლად.

ფარსმანდუკისაგან ამზადებენ ორი სახის ნედლეულს – ბალახსა და ყვავილედებს. ბალახს აგროვებენ ყვავილობის პერიოდში (ივნისში, აგვისტოს პირველ ნახევარში), ჭრიან ღეროს 15 სმ-ის სიმაღლეზე.

ყვავილების შეგროვების დროს კრეფენ კალათებს ან ფარებს 2 სმ სიგრძეზე. ნედლეულს ჭრიან დანით ან ნამგლით, აწყობენ თხელ ფენად და აშრობენ ჩრდილში. მზეზე გაშრობა დაუშვებელია. ბალახის შენახვის ვადა 2 წელია, ხოლო ყვავილებისა 5 წელი.

ფარსმანდუკი შეიცავს 0,8%-მდე ეთერზეთს (მთავარი კომპონენტია აზულენი), მწარე ნივთიერებებს, ვიტამინ K-ს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს სისხლის შედედების პროცესზე, ასკორბინის მჟავას, ალკალოიდ ახილენს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს.

ფარსმანდუკს იყენებენ გასტრიტების, ქალური დაავადების, ბუასილის, საშვილოსნოდან და სხვა სახის სისხლის დენის დროს, ასევე კბილის ტკივილის გასაყუჩებლად. მეძუძურთათვის რძის მოსამატებელ საშუალებად. ბალახის ნაყენს ხმარობენ თმის დასაბანად, ხოლო ახალი ბალახის წვენს – კუჭის დაავადებისა და

ფაღარათის დროს.

ავტორები: ს. ჩაგელიშვილი, მ.გოგორიშვილი.

*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.